ჟიული შარტავა რუსთავში

   რუთავის პირველსავე დღეს მარტენის საამქროს მიაშურა. საწარმოებში ისეთ დროს მივიდოდა ხოლმე, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა. ერთხელაც ასე მოხდა. ჟიული „აზოტში“ ღამის 11 საათზე დაგვემშვიდობა და წავიდა. მე მორიგე ვიყავი, ქარხნის შემოვლა დავამთავრე და ცოტა წავთვლიმე. ღამის 3 საათზე არასაუწყებო დაცვის უფროსი მირეკავს: ბატონი ჟიულის მანქანა შემოვიდაო. იმ ღამით ქარხნის მემონტაჟეებს ძალიან საპასუხისგებო სამუშაო უნდა დაემთავრებინათ. ჟიული პირდაპირ ობიექტზე წასულიყო. გზაზე ძლივს დავეწიე. წარმოიდგინეთ, მისი მოსვლა რამხელა სტიმული იყო მუშებისთვის. გასაჭირში არავის მიატოვებდა, ავადმყოფ მუშებს საავადმყოფოებში აკითხავდა.
        დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხალხზე, ქალაქზე ზრუნავდა. სულ სამუშაოდ იყო შემართული. შენც ვერ გაჩერდებოდი, რომ მუშაობაში არ აჰყოლოდი. ვინც არ აჰყვებოდა, თავისით წავიდოდა, - ჟიულის არავინ „გაუფუჭებია“.
        ხალხმა შეიყვარა ჟიული და გაჰყვა მას. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის: რუსთავმა და რუსთაველებმა ჭრილობები მომიშუშესო. ის ძლიერი ზეწოლა, რომელსაც ჟიული განიცდიდა, მის საქმიანობას არ დასტყობია. ვიღაცებმა რუსთავის შესასვლელში ორჯერ ესროლეს მის მანქანას.

იალღუჯის წყალსაცავის გახსნა

ჟიული შარტავა საბავშვო რკინიგზის გახსნისას

რუსთავ-თბილისის გზის მონაკვეთის გაჭრა

       „დილის 7 საათზე უკვე ეზოებში დადიოდა, ამოწმებდა, სამდე ნაგავი ხომ არ ეყარა. ახალგაზრდობას ცუდი საქმის საკეთებლად რომ არ ევლო, ყველა უბანსა და ეზოს სპორტული მოედანი მოუწყო. ეს ხალხის მობილიზაციით გააკეთა, ყოველგვარი კაპიტალდაბანდების გარეშე.
        რუსთაველებს სითბო მოუტანა და ქალაქი შეაყვარა. სკვერები აღადგინა, იქაური „მუშტაიდი“ გააშენა და შიგ საბავშვო რკინიგზა გაიყვანა. ქალაქში შესასვლელი ახალი ქუჩა გაჭრა, მოედანიც გააკეთა. რუსთაველები მას ჟიულის სიცოცხლეშივე უწოდებდნენ შარტავას ქუჩასა და შარტავას მოედანს, აფხაზეთში დაღუპვის შემდეგ კი ოფიციაურად ეწოდა მისი სახელი.
        ჟიულის ჩამოსვლამდე რუსთავს წყალი არ ჰქონდა. ეს საკითხი გადაუჭრელ პრობლემად ითვლებოდა. მან კი ელემენტარულად გადაწყვიტა. მანძილი ხრამიდან ქალაქამდე წარმოება-ორგანიზაციებს დაუყო მონაკვეთებად და წყლის გაყვანა დაავალა. ხალხი სიხარულით, ზეიმით დადიოდა სამუშაოდ. ჟიულიც მუშაობდა ფიზიკურად. რეზინის ჩექმები ტალახში ამოესვრებოდა ხოლმე. მახსოვს ის საყოველთაო სიხარული, მიწაში წყლის მილების ჩაწყობას რომ ახლდა. რუსთაველებმა ჟიულის სიყვარულით ცისკარა სეარქვეს.
        ჩვევა ჰქონდა, მრავალშვილიან ოჯახებში პირადად დადიოდა, თან სათანადო სამსახურების უფროსები დაჰყავდა, რათა ტითოეულისათვის ადგილზე მიეცა შესაბამისი დავალებები.
        
        მე არ მესმის, რატომ უკვირთ დღევანდელი რბევა და კვლა? რატომ ამბობენ, თითქოს იგი ეროვნულ მოძრაობას მოეტანოს? ამას ხომ მანამდე ჩაეყარა საფუძველი. ჟიულის წამოწყებულ ყოველ საქმეს სდევნიდნენ და აფუჭებდნენ.
        როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მაშინდელმა პარტოკრატეებმა პოზიციები დათმეს დამიიმალნენ. ზვიად გამსახურდია ხშირად ჩამოდიოდა რუსთავში და მიტინგებს მართავდა, ქალაქის ძველ და ახალ ხელისუფლებას“ამუშავებდა“, მაგრამ ჟიული არასოდეს უხსენებია. ერთხელ რუსთაველებმა მას პროვოკაციული შეკითხვა დაუსვეს: შარტავაზე რას იტყვიტო? გამსახურდიამ, ჩვენდა გასაკვირად, მიუგო: ვიცი, რომ კეთილსინდისიერი და პატიოსანი კაცია, მაგრამ მაინც კომუნისტია.
        ჟიული მისმა საქმეებმა შემაყვარა, ის კი ამ საქმეებისთვის რუსთავიდან გამოაგდეს.
        1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით რუსთავში, მგონი, 9 კანდიდატი იყრიდა კენჭს. ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ ჟიულის მისცა ხმა. დეპუტატობის დროს ჟიულის უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რუსთავის კეთილდღეობისა და აღორძინების ცენტრი. ამ უკანასკნელმა რუსთავის ჰიმნი ჩაწერა. ცენტრის საშუალებით ერთმანეთს დაუკავშირა ძმები მაისურაძეების გამოგონება - ტივტივა ელექტროსადგური და რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანა.
        ბევრი ჩანაფიქრი და წამოწყება ჰქონდა ჟიულის, მაგრამ...
        ჟიული არარ არის. მე და ყველა მისი მეგობარი ამ ადამიანით ვამაყობთ. ჟიულიმ ძნელ და უბედურ დროს საქართველოს ისტორიაში თავის სამეგობროს ძეგლი დაუდგა. სადაც მივალ, ყველგან ვიამაყებ, რადგან ასეთი კაცური კაცის მეგობარი ვიყავი.“
        რუსთავში ჟიული შარტავასთან ერთობლივი მუშაობის მრავალ საყურადღებო მომენტზე მოგვითხრობს გურამ ქაშაკაშვილი:
       „ბატონი ჟიული 1973 წელს გავიცანი. ორივენი რესპუბლიკის აქტივის კრების მუშაობაში ვმონაწილეობდით. საქართველოს ახალი ხელმძღვანელი წლის შედეგებს აჯამებდა. მე გამოვდიოდი, როგორც მარტენის საამქროს უფროსი, ბატონი ჟიული ი - როგორც კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ახლადდანიშნული მდივანი. ძალიან კარგად დამამახსოვრდა მისი გამოსვლა. მან იმ დროისთვის უცხო პირდაპირობით მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკის კომკავშირული ორგანიზაციების უნიათო მუშაობა და წამოაყენა უკეთ და უფრო სწორად მოქმედების ახალი წინადადება. ზოგიერთმა პარტიულმა ხელმძღვანელმა ეს მწვავე შენიშვნები საწყენად მიიღო, თითქმის 12 წლის შემდეგ ცუდად „გაიხსენეს“ და სასჯელად მისი „გარუსთაველება“ მიიჩნიეს. საბედნიეროდ, ამ „სასჯელით“ არც ბატონ ჟიულის დაუკარგავს რამე და, მით უმეტეს, არც რუსთაველებს, რომლებმაც ამ კაცის სახით დიდი მეგობარი და გულშემატკივარი შეიძინეს. მართალია, რუსთავს ბევრი ცნობილი პარტიული ხელმძღვანელი ედგა სათავეში, რონელთაც ასახელეს ჩვენი ქალაქი, მაგრამ მათგან ბატონი ჟიული ბევრად განსხვავდებოდა სუფთა გულით, რაინდობით, ენთუზიაზმით, შემართებით. ამიტომაც გაჩნდა სულ მოკლე დროში ახლა უკვე ჟიული შარტავას სახელობის გამზირი, აგრეთვე, კულტურის და დასვენების დაწესებულებანი, სკვერები, წყალსადენი და ა.შ.
        რომ არა ბატონი ჟიული, წყალსადენის მშენებლობის დასრულებას, ვინ იცის,რამდნეი წელი დასჭირდებოდა, რადგანაც ძირითადი სახსრები ობიექტის მშენებლობითვის უკვე გაფლანგული იყო. ბატონ ჟიულის არ უცდია დაკარგული თანხების ძიება. მან პირდაპირ საქმე დაიწყო, კაცურად აიღო თავის თავზე მშენებლობის ხელმძღვანელობა, სამუშაოების დამთავრებაზე პასუხისმგებლობა ქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციაზე გადაანაწილა. მეტალურგებს შეხვდათ სამუშაოს ყველაზე დიდი ნაწილი. გაჩაღდა საქმე და ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ ჩქარა შეასრულებდა პირველი მდივნის დავალებას. მეტალურგებმა სხვებზე ადრე შევასრულეთ დაკისრებული მოვალეობა.
        სამართლიანი იყო, რომ ხალხმა ამ წყალსადენს მისი სახელი დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის შემდეგ მეორე ასეთივე წყალსადენი ავაშენეთ, მას დღემდე არავის სახელი არ ჰქვია.
        ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მაქვს გასახსენებელი ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდიდან. იგი იყო უაღრესად თავმდაბალი, გამოირჩეოდა კოლეგიალობით, ადამიანებთან ფაქიზი და გულისხმიერი დამოკიდებულებით. არც ერთ საკითხს არ წყვეტდა შეთანხმებისა და სხვისი აზრის გაზიარების გარეშე. არც იმას დაგიმალავთ, როცა მან საბავშვო რკინიგზის მშენებლობის იდეა შემომთავაზა, არ დავეთანხმე: ამ კოსმოსურ ხანაში რა დროს რკინიგზაა, თუ მაინცდამაინც ახალგაზრდებისთვის გვინდა, რაიმე თანამედროვე ავაშენოთ-მეთქი. - არა, - მითხრა მან, - ამის დროც მოვა, დღეს რუსთავში იმდენი ბავშვია, აუცილებელია ქალაქს ჰქონდეს საბავშვო რკინიგზა თავისი დასასვენებელი პარკით.
        რუსთავი ჟიული შარტავას მოღვაწეობის პერიოდში რესპუბლიკის მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრად იქცა. „ვიღაცას“ არც ეს მოეწონა და დაჩქარდა მისი წასვლა ჯერ რუსთავიდან, შემდეგ კი რესპუბლიკიდან. მას არც იქ დაუკარგავს მეობა. ერთ წელიწადში დაამთავრა ყოფილი საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემია, რუსთაველების მოთხოვნით პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. შემდეგ კი... შემდეგ საბედისწერო აფხაზეთი.
        კარგად მახსოვს ჟურნალისტთან მისი ათწუთიანი ინტერვიუ. მან თითქოს მთელ საქართველოს შეჰფიცა აფხაზეთისადმი ერთგულება და ხალხს შეჰპირდა, თუ ამას ვერ შეძლებდა, სიცოცხლესაც ადვილად დათმობდა.
        არასდროს დამავიწყდება მისი სატელეფონო საუბარი სოხუმიდან. როცა საბედისწერო წუთები დადგა , ჯერ მან და მერე ბატონმა ედუარდმა მთხოვეს, რომ სასწრაფოდ დავხმარებოდით მათ. მეტალურგებმა პირნათლად შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც აფხაზეთი და ვერც სოხუმი ვერ გადავარჩინეთ, ხოლო ბატონი ჟიულისთვის ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა. ჟიული პირად მტრებს არ მოუკლავთ. მას საქართველოს, ქართველი ხალხის მტრებმა მოუღეს ბოლო, იმ შენიღბულმა მტრებმა, რომლებიც დღესაც გვეფიცებიან აფხაზეთის საკითხის მოგვარებას, თანაც გვამადლიან, ჟიული შარტავას ნეშტი ხომ მოგეცითო.



ჟიული შარტავა - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი 1992 წელს.
რუსთავში საარჩევნო კამპანიის დასკვნითი აკორდი იყო ჟიული შარტავას ხელნაწერი ტექსტის გაგზავნა პრაქტიკულად ქალაქის ყველა ამომრჩევლისადმი, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა მათდამი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა:
ჩემო ძვირფასო რუსთაველო მეგობარო!
        უზარმაზარია ის თანადგომა, რომელსაც ვგრძნობდი თქვენგან - რუსთაველებისგან. ამ ქალაქში სულ რაღაც 17 თვის, მაგრამ ჩემთვის მთელი ეპოქის განმავლობაში ასეთი თანადგომა არ მომკლებია და ამას დღემდე ვგრძნობ.
        სათუთად ვინახავ იმ უამრავ წერილს, რომლებითაც რუსთაველებმა მე და ჩემს ოჯახს წარმოუდგენელი სითბო გვაჩუქეს, მძიმე წუთებში მხარი დაგვიჭირეს.
        ახლა, როდესაც ქალაქის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა დეპუტატობის კანდიდატად წამომაყენა, ვსარგებლობ შემთხვვეით და წერილით მინდა მოგმართოთ. რა თქმა უნდა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ყოველ ოჯახში პირადად მოვსულიყავი, ჩემი გრძნობები და მოსაზრებები გამომეხატა, მაგრამ მოგეხსენებათ, ამის გაკეთება რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა, მჯერა, დრო, ცხოვრება, საქმე უთუოდ შეგვახვედრებს ერთმანეთს.
        მწამს, ყოველივე ამას წინასაარჩევნო კეკლუცობად და პოპულიზმად არ ჩამითვლით. რა თქმა უნდა, რადგან დეპუტატად ვიყრი კენჭს, რაც ისევ და ისევ რუსთაველების მიერ ჩემ მიმართ გამოხატული კეთილი სურვილებისა და მხარდაჭერის, მათი ინიციატივის შედეგად მოხდა, ბუნებრივია, ჩემთვის სულ ერთი როდია, ამირჩევენ თუ არ ამირჩევენ დეპუტატად, მაგრამ არჩევნების შედეგების მიუხედავად, რუსთავი ჩემთვის არის და იქნება განსაკუთრებული სიყვარულის, განსაკუთრებული გრძნობების აღმძვრელი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც თავისი შემადგენლობითა და თვისებებით სრულიად საქართველოს თავისებური სახეა, ყველა კუთხის, ყველა მხარის შვილებს შორის ძმური, ჰარმონიული ურთიერთობის ერთ-ერთი თვალსაჩინო კერაა, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის მეგობრული დამოკიდებულების, ურთიერთგაგების მაგალითია, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ნიმუშია.
        რაც შეეხება პრობლემებს, პრობლემები რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან ბევრია, პირველ რიგში, სოციალურ, მატერიალურ, სულიერ სფეროებში. ამასთან, ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს თავისი სიძნელეები, საწუხარი, ტკივილები აქვს და, რა თქმა უნდა, ყველას ისეთი დეპუტატი სურს, რომელიც ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება ქალაქს, მის ყოველ მცხოვრებს. რომ დაგპირდეთ, ყველა საკითხს გადავწყვეტთმეთქი, არ იქნება სერიოზული დაპირება და არც თქვენ მომიწონებთ ამას. ერთ რამეს კი გპირდებით: ცდას, მოწადინებას არ დავაკლებ, რომ შეიქმნას ისეთი სტრუქტურები, მართვის ისეთი მექანიზმები, ცალკეული მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას ეფექტიანად და ენერგიულად რომ შეუწყობს ხელს. შევეცადე ზოგიერთი მოსაზრება ამ კუთხით ნაწილობრივ მაინც ჩამომეყალიბებინა წინასაარჩევნო პროგრამაში, რომლის თეზისებიც გამოქვეყნდა. სიამოვნებითა და მადლიერებით მივიღებ ყველა თქვენს სურვილს, კონკრეტულ წინადადებას, კონსტრუქციულ რჩევას და გავითვალისწინებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. სიძნელეების დაძლევისას, როგორც ყოველთვის, თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს.
        ერთ-ერთ უპირველეს ბერკეტად მესახება თანამშრომლობა ყველასთან, განურჩევლად პარტიულობისა და მსოფლმხედველობისა, რელიგიური მრწამსისა, ეროვნებისა, სქესისა, ასაკისა, პროფესიისა, სოციალური მდგომარეობისა, ჩემდამი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა, რადგანაც მთავარი გამაერთიანებელი არის და უნდა იყოს რუსთავი და რუსთაველთა ინტერესები, სრულიად საქართველოს ინტერესები!!!
        კვლავ ვიხელმძღვანელებ ათასწლეულებში გამოვლილი პრინციპებით: გაუკეთე სხვას ის, რისი გაკეთებაც თვით გესიამოვნებოდა მისგან!
        ასეთი განწყობილებით ვწერ ამ წერილს. ასეთი განწყობილებით შემოვა თქვენთან, თქვენს ოჯახში ეს ბარათი...
        ბედნიერი, ხალისიანი და მომღიმარი ყოფილიყავით მუდამ!



ჟიული შარტავა

2 ოქტომბერი, 1992 წელი.

        ეს მიმართვა საარჩევნო შტაბის წევრების, ჟიული შარტავას მრავალრიცხოვან მხარდამჭერთა ძალებით რუსთაველთა თითქმის ყველა ოჯახმა მიიღო, რასაც უდუდესი მნიშვნელობა ჰქონდა საბოლოო წარმატების მისაღწევად. ვიდეოფირმა შემოგვინახა საარჩევნო კამპანიის ამსახველი მრავალი შტამბეჭდავი და საყურადღებო ეპიზოდი, რომელთა გარკვეული ნაწილი ბევრჯერ გამოიყენეს ჟიული შარტავას გმირული სიკვდილის შემდეგ მისდამი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემებში.


0 კომენტარი:

Post a Comment